Foto

საკითხი დახურულია - ღუდუშაური საარჩევნო ბარიერის დაწევაზე

ეს საკითხი არის დახურული, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა აღარ გაიმართება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბარიერის დაწევის შემთხვევაში, "რადიკალ და დესტრუქციულ ჯგუფს მიეცემა საშუალება, რომ პარლამენტი პოლიგონად გადააქციოს".

"საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით - არასდროს არ ყოფილა ის, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტი აჩვენებდა მაღალ ხარისხს სახელმწიფოს ან ხალხის სასიკეთოდ. შესაბამისად, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ პარლამენტი იყოს საქმეზე, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და არა ანგაჟირებულ საკითხებზე, რაც თვალნათლივ ვხედავთ, რომ ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ რადიკალ და დესტრუქციულ ჯგუფს მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტი გადააქციონ პოლიგონად...

2022 წელს, ბატონი კობახიძის მიერ დასახელებული იქნა კონკრეტული გარემოებები, რომლის შედეგად შეიძლებოდა საუბარი. ჩვენ ვნახეთ, რომ არამცთუ დეპოლარიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი რადიკალმა ჯგუფებმა, პირიქით, გააჩაღეს პოლარიზაცია. არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო... ეს ადამიანები, ვინც "მოლოტოვის კოქტეილებით" დარბოდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ საკუთარ ქვეყანას, ახლა ჩვენ გავუღოთ კარები და ოფიციალურად შემოვუშვათ პარლამენტში, რომ "მოლოტოვის კოქტეილები" ისროლონ სხდომათა დარბაზში. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არის დახურული, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა აღარ გაიმართება",- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, 2022 წელს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებდა კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდებოდა.