Foto

სამარცხვინო იყო ჩინეთის პრეზიდენტზე მისი განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია - კობახიძე ზურაბიშვილზე

ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ ეს იყო პირდაპირ სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუს.

როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები "რამენაირად დააზიანოს".

"ეს არ არის პირველი შემთხვევა - გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. მთავრობას დასჭირდა თვეები იმისთვის, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან. ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც დავალებების შესასრულებლად - იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება. ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მისი შინაგანი რწმენით, გასამართლდებიან, რაც ისტორიული შედეგი იქნებოდა და გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა".

ამასთან, გუშინ, 13 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრემიერმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრეზიდენტის განცხადების გამო სინანული გამოხატა.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას, ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.