Foto

ბოდიშს ვუხდი ჩინელ ხალხს - ინჯია პრეზიდენტის ინტერვიუზე

ბოდიშს ვუხდი ჩინელ ხალხს, რადგან სი ძინპინი ჩინელი ხალხის რჩეული ადამიანია,- ასე ეხმაურება "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუს.

როგორც ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრეზიდენტი ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სჩადის.

"სამსახურებრივი დანაშაულის კასკადი, რომელიც ჩაიდინა საქართველოს პრეზიდენტმა, როდემდე უნდა გაგრძელდეს?! მისი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომ ის ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და შეურაცხყოფას აყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ, ყველა პარამეტრებითა და მაჩვენებლებით, ზესახელმწიფოს პირველ პირს. ვწუხვარ როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე. ბოდიშს ვუხდი ჩინელ ხალხს, რადგან სი ძინპინი ჩინელი ხალხის რჩეული ადამიანია",- თქვა ინჯიამ.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მისი შინაგანი რწმენით, გასამართლდებიან, რაც ისტორიული შედეგი იქნებოდა და გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა".

გუშინ, 13 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრემიერმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრეზიდენტის განცხადების გამო სინანული გამოხატა.

ადმინისტრაციის ცნობით, "პრეზიდენტის რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას, ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას".

დღეს, 14 ნოემბერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელშიც ნათქვამია, რომ  სალომე ზურაბიშვილის "პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები".