Foto

კობახიძე - არ გვაქვს რესურსი, რომ ტყვეების გათავისუფლების ჭრილში ვიმუშაოთ

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დაკავებული პირები არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებში. 

"პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში. ჩვენ ამისი რესურსი არ გვაქვს ხომ, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ იგივე ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ მოხალისეებად ომში, რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი, რომ ემუშავა შესაბამისი ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში.

ერთადერთი რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფლისა და ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო, არის წითელი ჯვარი. ამ ფორმით თუ რამის გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი მებრძოლი - გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბითიძე ტყვედ აიყვანეს.​