Foto

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დაკავების ორდერი ასევე გაცემულია ბაშარ ასადის ძმის, მაჰერ ასადის და კიდევ ორი მაღალჩინოსნის მიმართ.

როგორც მედიასაშუალება წერს, მათ ბრალად ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები სირიის ქალაქებში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.

ეს სირიის პრეზიდენტის მიმართ გაცემული დაკავების პირველი საერთაშორისო ორდერია.

ბაშარ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები სირიაში 2011 წელს დაიწყო. სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს, თუმცა გაერო-სა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სირიის მთავრობამ 2017 წელს გამოიყენა ზარინი, ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ქლორინი.

"სასამართლო აღიარებს, რომ ქიმიური თავდასხმა არ შეიძლებოდა მომხდარიყო სირიის პრეზიდენტის ინფორმირების გარეშე, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, - განაცხადა სირიის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ცენტრის პრეზიდენტმა მაზენ დარვიშმა.