Foto

„სვანეთის ხმები“ ანსამბლ „რიჰოს“ სამ უხუცეს წევრს მიეძღვნა და საიუბილეო კონცერტით დაიხურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნულ თეატრში მურად ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანისა და გულვერ გერლიანის საიუბილეო კონცერტი - „სვანეთის ხმები“ - გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის წევრებთან - სოზარ სუბარსა და გენრიეტა წიწავასთან, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძესთან,

ფონდ ,,ქართული გალობის" თანადამფუძნებელ ნანა გოთუასთან ერთად დაესწრო.

სვანეთის ანსამბლ „რიჰოს“ სამი უხუცესი წევრი, თითქმის ნახევარი საუკუნეა, სვანურ ფოლკლორს სწავლობს, იცავს და ასრულებს. რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მათ კიდევ ერთხელ შეასრულეს ათასწლეულების წინ შექმნილი სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშები. ანსამბლ „რიჰოსთან“ ერთად მსმენელის წინაშე წარდგნენ ანსამბლები: ,,ადილეი“, ,,ბასიანი", ,,დიდგორი", დები ჩამგელიანები, „ლალხორი“, ,,სათანაო", „შილდა“ და ,,ძირიანი".

საღამოს უძღვებოდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი და ანსამბლ „ბასიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

პროექტი „სვანეთის ხმები“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოიცავდა სვანეთიდან ჩამოსული უხუცესი მომღერლების მიერ შესრულებული უნიკალური სვანური ფოლკლორული ნიმუშების ჩაწერას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხმის ჩამწერ სტუდიაში ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად. ასევე, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ანსამბლ „რიჰოს“ უხუცეს წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის ფოლკლორული ანსამბლები და სვანური ფოლკლორის მოყვარულები.

1928 წელს მესტიაში შეიქმნა სვანური სიმღერისა და ცეკვის პირველი ანსამბლი, რომელიც ჩამოაყალიბა ივანე მარგიანმა. მოგვიანებით ანსამბლს ეწოდა „რიჰო“ და მას მრავალი წლის მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ღვაწლმოსილი ისლამ ფილფანი. მათი პირველი კონცერტი გაიმართა თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში.

სხვადასხვა დროს გუნდი მონაწილეობდა უამრავ ფესტივალსა და კონკურსში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, სადაც უდიდესი წარმატებები ხვდა წილად. 1937 წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების პირველ დეკადაზე, სადაც „მთიდან ზვავის ჩამოსვლა“ უწოდეს მათ მიერ შესრულებულ სიმღერებსა და ფერხულებს.

„რიჰოს“ მრავალფეროვან რეპერტუარში ძალიან ბევრი ფერხული და ცეკვაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უდიდესი წვლილი სვანეთის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერლისა და მოცეკვავის, მაჰარბი გურგულიანისა (1950-60-იანი წლები) და ასევე ფასდაუდებელი ამაგი განუმეორებელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, კანდი მერლანისა, რომელიც თითქმის 50 წელია, ანსამბლის ქორეოგრაფია.

„რიჰოს“ ამჟამად ისლამ ფილფანის შვილი ვახტანგ ფილფანი ხელმძღვანელობს.