Foto

ორბანი - უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა

უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა.

ორბანის თქმით, "უკრაინელები და ევროპელები მოლაპარაკებისთვის მზად არ არიან".

"კანონის თვალსაზრისით, ეს ვეტო არ არის. უბრალოდ, არ შემაქვს წვლილი იმ გადაწყვეტილებაში, რაც არასწორი მგონია. ევროპის ჩემეული აღქმა ის არის, რომ თუ კონკრეტულ საკითხზე ყველა არ არის თანახმა, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. უკრაინა რთულ სიტუაციაშია, ის რუსული აგრესიის მსხვერპლია და ჩვენ გადავწყვიტეთ მას დავხმარებოდით. ამიტომ, ლეგიტიმურია, რომ მთელი ევროპული საბჭო კარგ სიგნალს უგზავნის უკრაინას. მე ამის მომხრე ვარ, თუმცა, არსებობს სხვა ტიპის სიგნალებიც, გარდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, ისინი არ არიან მოლაპარაკებებისთვის მზად. მეორე, ჩვენ, ევროპელები, არ ვართ მზად, რომ ისინი სრულფასოვან წევრებად მივიღოთ.

უნგრეთი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა. პარიზში, ბრიუსელში და ჰააგაში, შესაძლოა, ერთს ფიქრობდნენ, მაგრამ ჩვენ უკეთ ვიცით, რა ხდება უკრაინაში. უკრაინა ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ეს სასაცილოა! ჩვენ ვერ დავიწყებთ მათი ევროკავშირში მიღების თაობაზე მოლაპარაკებებს. მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წვერი სწორი და კარგად სტრუქტურირებული გზებით, არ ჩატარებულა. ამიტომ, უკეთესია, თუ მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ. მე გულუბრყვილო არ ვარ", - განაცხადა ორბანმა.