Foto

ზელენსკი ორბანზე - გულწრფელად ვესაუბრე - ნათელია, რომ საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს "გულწრფელად ესაუბრა".

ზელენსკის თქმით, საუბარი "ევროპულ საქმეებს" ეხებოდა.

"ინაუგურაციის ფარგლებში, რამდენადაც ეს შესაძლო იყო, გულწრფელად ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს და ნათელია, რომ ეს საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო",- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ წერილით მიმართა.

წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად.

5 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიის გასაგრძელებლად დაბრუნდა.

6 დეკემბერს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა.

აღნიშნულის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში​ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა".