Foto

უნგრეთში დაგვიდასტურეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს აუცილებლად დაუჭერენ - კობახიძე

უნგრეთში ვიზიტის დროს დაგვიდასტურეს, რომ უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, უნგრეთს უკრაინასთან და დანარჩენ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს.

"რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ უნგრეთში ვიზიტის დროს დაგვიდასტურეს კიდევ ერთხელ, რომ რა თქმა უნდა, უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის უნგრეთის ძალიან მყარი პოზიცია...

გარდა ამისა, უნგრეთის პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა. მათ უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მოლდოვასთან და ბოსნიასთან მიმართებით. უნგრეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას და ბოსნიასთან დაკავშირებით იმ რეკომენდაციას, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან - დათქმებით, რომ შემდეგ მოლაპარაკებები გაიხსნას",- აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზიტით 5-8 დეკემბერს იმყოფებოდა.

რაც შეეხება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ წერილით მიმართა.

წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად.

5 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიის გასაგრძელებლად დაბრუნდა.

6 დეკემბერს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა.

აღნიშნულის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში​ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა".

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მცირეხნიანი საუბარი შედგა.

ზელენსკის განცხადებით, ვიქტორ ორბანს "გულწრფელად ესაუბრა", საუბარი კი "ევროპულ საქმეებს" ეხებოდა.