Foto

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე არაფერი გვესაქმება - ირაკლი კობახიძე

"ნაცმოძრაობის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია "უხეშად დაარღვია" და გარდა ამისა, ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ "საბოტაჟს ახორციელებდა".

"ნაცმოძრაობის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება - მით უმეტეს, რომ ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ამ დღეებშიც ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ, ეს არ არის ჩვენი საქმე, მისი პოზიციიდან გამომდინარე. 

გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე",- ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 13 დეკემბერს, „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები დიპლომატიურ კორპუსს გადაეცემა. პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან.

ზურაბიშვილის პეტიციაზე - "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერების შეგროვება ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. პეტიციაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები ევროპის ლიდერებს მიმართავენ, რომ დეკემბერში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ისე ორბელიანების სასახლეში მისვლით. პეტიციაზე ხელის მოსაწერად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.