Foto

მივიღე მოწვევის წერილი - წერილი, რომელსაც ველოდები, ისაა, სადაც ეწერება, რომ კონსტიტუციას აღარ დაარღვევს - პაპუაშვილი პრეზიდენტზე

მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა, ერთადერთი წერილი, რომელსაც ქალბატონი სალომესგან ველოდები, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ზურაბიშვილის ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს.

"არ ვაპირებ მისვლას. მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა, ერთადერთი წერილი, რომელსაც ქალბატონი სალომესგან ველოდები, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. მანამ, სანამ ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები შეუსაბამოა, ვინაიდან ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, კარგავს მორალურ უპირატესობას ასეთი ღონისძიებების ორგანიზებით",- ამბობს პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 13 დეკემბერს, „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები დიპლომატიურ კორპუსს გადაეცემა. პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან.

ზურაბიშვილის პეტიციაზე - "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერების შეგროვება ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. პეტიციაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები ევროპის ლიდერებს მიმართავენ, რომ დეკემბერში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ისე ორბელიანების სასახლეში მისვლით. პეტიციაზე ხელის მოსაწერად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.