Foto

მხარს ვუჭერთ წინადადებებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოზე - რუტე

ჩვენ ძირითადად მხარს ვუჭერთ ევროკომისიის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილ წინადადებებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოზე,- ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ევროპული საბჭოს სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც რუტემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსენსუსის მისაღწევად "აქტიურად იმუშავებენ".

"აქტიურად ვიმუშავებ და ჩემი კოლეგებიც აქტიურად მუშაობენ, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ როგორც გაფართოებასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე უკრაინისთვის 50 მილიარდის მიცემაზე, რადგან ორივე საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

აქამდე ჩვენ ყოველთვის შევძელით, მიგვეღწია ერთსულოვანი გადაწყვეტილებებისთვის, მათ შორის იყო ვიქტორ ორბანიც. ვიმედოვნებ, ამას ახლაც შევძლებთ“,- თქვა რუტემ.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი განხილვა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა უფრო ინკლუზიური გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმის დასრულება, მათ შორის, არჩევნებამდე მუშაობის დაწყება ელექტორატის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;
  • საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დანერგვა და დასრულება. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის სამსახურის სრულფასოვანი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ საფრთხისშემცველ შემთხვევებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობისა და თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფა.