Foto

გაფართოება ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა - ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილების მიღება - ბორელი

გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა - ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილების მიღება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, საბჭოს დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც აქვს განსახილველად.

"ჩვენი განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი გაფართოების საკითხს დაეთმობა. გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა. არის უფრო ძლიერი სტაბილურობის უნარი, რაც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ბალკანეთის რეგიონსა და კავკასიაში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო გაფართოების პაკეტზე მსჯელობას იწყებს. გაფართოების პაკეტი, რომელიც 10 ქვეყანას ეხება, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მოიცავს. 

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი განხილვა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა უფრო ინკლუზიური გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმის დასრულება, მათ შორის, არჩევნებამდე მუშაობის დაწყება ელექტორატის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;
  • საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დანერგვა და დასრულება. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის სამსახურის სრულფასოვანი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ საფრთხისშემცველ შემთხვევებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობისა და თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფა.