ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა გუნდმა გასწია.
„ვულოცავ საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველომ ისტორიული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა. დღეს კი გვაქვს შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის, ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია. პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია - ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მტკიცედ ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც ჩართული იყო რეფორმების განხორციელების მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას. მადლობა ევროპულ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააყენოს საქართველო ევროპული მომავლის რელსებზე“, - დასძინა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს.
ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press