პირველი მე ვარ დაინტერესებული, რომ დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა იყოს მოგვარებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოში განაცხადა, სადაც საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
მერმა დეპუტატ მიხეილ კაკაურიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი მზადაა, ოპოზიციისგან მოისმინოს და გაიზიაროს კონსტრუქციული რჩევები ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე პარლამენტის დონეზე, აქაც, თქვენთან, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი. ჩვენ შეიძლება გვქონდეს პოლემიკა, განსხვავებული მოსაზრებები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ შეურაცხყოფის მიყენება, უხამსი განცხადებები არ არის სწორი და მიზანშეწონილი.
მე არ გთხოვთ, რომ ჩვენ გვაქოთ და გვადიდოთ, პირიქით, შემოდით პოლემიკაში, იყავით კრიტიკულები, მაგრამ ეს უნდა იყოს არა სიცრუეზე დაფუძნებული, არამედ სწორი და ჯანსაღი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი დებს მაქსიმალურ ძალისხმევას ქალაქში სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად.
„მაგალითად ავიღოთ სატრანსპორტო პოლიტიკა. არის გამოწვევები, პრობლემები. თუ იცით რაიმე, რასაც არ და ვერ ვაკეთებთ, გვითხარით და გავითვალისწინებთ, არც ესაა პრობლემა. ათასჯერ გვითქვამს, პრეზენტაციებიც გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ხედვა გვაქვს, რატომ ვაკეთებთ, რა შედეგი უნდა მივიღოთ საბოლოოდ. ყველაზე დიდი გამოწვევა არის არსებული ავტოპარკი, კერძო ავტომობილების რაოდენობა. ისეთი ქალაქისთვის, როგორიც არის თბილისი, რელიეფიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებთ, არის მაქსიმუმი, მერწმუნეთ. ვის უნდა უნდოდეს ჩემზე მეტად აღნიშნული პრობლემის მოგვარება?! ქალაქის მერი ვარ და თუ რაღაც საცობია, კალაძის ბრალია, თუ პრობლემაა, კალაძეა დამნაშავე. რა თქმა უნდა, პირველი მე ვარ დაინტერესებული, რომ აღნიშნული პრობლემა იყოს მოგვარებული და მოწესრიგებული. ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობა, რაც ერთ დღეში ვერ გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისი დიდი ქალაქია და შესაბამისად, ბევრი პრობლემაა, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა.
„ახალი მერი რომ მოვა, დარწმუნებული ვარ, იმას ნაკლები პრობლემა ექნება, შემდეგ მერს - კიდევ უფრო ნაკლები. ქალაქი ვითარდება, ბევრ პრობლემას ვაგვარებთ, ბევრ გამოწვევას ვპასუხობთ. რადგან თანამშრომლობაზე ვასაუბრობთ, შემოდით თქვენც და გაიზიარეთ ის პოზიტიური, წარმატებული პროექტები. რატომ კრავთ ყველაფერს ხელს? ამ ქალაქში არ ცხოვრობთ? ერთად ვაკეთოთ, ერთად ვაშენოთ, იყავით კრიტიკულები, მწვავეები, მაგრამ ზრდილობის ფარგლებში გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press