Foto

ჰერჩინსკი - კიდევ ერთხელ გილოცავთ - ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და რეფორმები სწრაფად გაატარონ

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ სიტყვით მიმართა.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული ქართველი ადამიანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა.

ამასთან პაველ ჰერჩინსკიმ პოლიტიკურ ლიდერებს მიმართა და მოუწოდა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. 

"ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარე ევროკავშირში ინტეგრაციას.

ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.

საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია - ძალა ერთობაშია - დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის, ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის! წინ საქართველო, წინ", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.