ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს.
ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ცესკოს მიერ მიიღება სხდომაზე, ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს.
"ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის არის მოწოდება/განცხადებები საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, რომ გახსნას საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე. აღნიშნულმა უკვე მიიღო კამპანიური ხასიათი, საკითხის არასწორმა ინტერპრეტაციამ კი შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო გარემო და შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩევლები.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია არჩევნებში ამომრჩეველთა მაქსიმალური მონაწილეობა უზრუნველყოს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. ამას ადასტურებს ჩვენი საინფორმაციო კამპანიები, რომელიც წარმოებს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებისა და პროცედურების გათვალისწინებით.
საზოგადოებისთვის გვინდა დეტალურად განვმარტოთ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. შესაბამისად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ცესკოს მიერ მიიღება სხდომაზე, ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების ფორმირების საკითხები, რომელიც დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში მონაწილეობასთან. კერძოდ, ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადმოცემული იმ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.
სპეციალური სიების საშუალებით კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები ხმას აძლევენ, თუ ისინი დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ასევე თუ რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
ამ პირთა (გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირებისა) სიას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს. საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთა სიას კი ადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს.
გვინდა მივმართოთ ყველა ჩართულ მხარეს, გაითვალისწინონ და დაიცვან საარჩევნო პროცედურები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ მნიშვნელოვან პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ინიციატივით - "საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში" საარჩევნო უბნების გასახსნელად ემიგრანტები ხელმოწერებს აგროვებენ.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press