Foto

ილია დარჩიაშვილმა ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული  თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

"დადებითი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის საკმაოდ დინამიკურ და შინაარსობრივად დატვირთულ დღის წესრიგს. შეხვედრაზე განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და ხავიერ კოლომინას მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა. ასევე, საუბარი შეეხო 2024 წელს დაგეგმილ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტს.

ილია დარჩიაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ პროგრესში მისი წვლილისთვის",- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.