Foto

მედია - უკრაინის 20-მდე მოქალაქე რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი

უკრაინის 20-მდე მოქალაქე საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Эхo Кавказа ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ისინი საქართველოს საგუშაგოს ტერიტორიაზე ბუფერულ ზონაში არიან განლაგებულნი.

უკრაინის მოქალაქე ანდრეი სურჟკომ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირაა საზღვარზე იმყოფება და მასთან ერთად არიან ადამიანები, რომლებიც ტუბერკულოზით არიან დაავადებულები, რომლებსაც სარდაფში იატაკზე სძინავთ.

"მინდა უკრაინაში წავიდე. ცუდად ვარ: კუჭის წყლული მაქვს, სასწრაფო გამოვიძახე, თუმცა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს მაძლევენ. მკურნალობა მჭირდება და არ ვიცი რა გავაკეთო", - განაცხადა სურჟკომ.

საზღვარზე ჩარჩენილი კიდევ ერთი პირი, ვადიმ ლევჩენკო Paper Kartuli-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის უკვე თვეზე მეტია რაც საზღვარზეა ჩარჩენილი.