Foto

ღარიბაშვილი - ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგია

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე - "ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და "მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას".

"მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. მინდა, გავიმეორო ის მიღწევები, რომელსაც ჩვენ 11-წლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ. მინდა შევეხო რამდენიმე კონკრეტულ რეიტინგს. 

დემოკრატიზაციის გზაზე ძალიან ძლიერი და სწრაფი პროგრესი გვქონდა და შემთხვევით არ არის, რომ 180 ქვეყანას შორის, დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ასევე, კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. 

კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა...

მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.

მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართვრლო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას. აი, ეს არის შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. რა თქმა უნდა, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს შედეგი შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ერთად ვაღწევთ ამ შედეგებს - პარლამენტი, მთავრობა, მთელი ხელისუფლება. რა თქმა უნდა ამაში თქვენი - ელჩების როლი არის ძალიან დიდი",- თქვა ღარიბაშვილმა.