Foto

იაპონიაში საქართველოს ელჩი - მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ცნობებით, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ საელჩოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე.

„ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, 60-ზე მეტი ადამიანი, კონკრეტულად კი, 64-ია დაღუპული. მე უკვე მივუსამძიმრე იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ეს მოხდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ. ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველა არხის მეშვეობით და, ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, დაგვიკავშირდეს ნებისმიერ საჭიროებასთან დაკავშირებით. ამისთვის ისედაც ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს მოქალაქეებს, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა არ შეეხოთ. ყველაზე ახლოს ალბათ ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ვინც, ასე ვთქვათ, დაზარალდა, თუმცა ჩვენც ჯანმრთელობის კუთხით, საბედნიეროდ, კარგად ვართ“, - განუცხადა თეიმურაზ ლეჟავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.