სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარმა ფაქტმა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტია დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს.
"ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ეს ანტიეკლესიური და პროვოკაციული ქმედება საჯაროდ იქნა მოწონებული და მხარდაჭერილი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მხრიდან, რაც ახალისებს რელიგიური ნიშნით სხვადასხვა მძიმე ქმედების ჩადენას.
ამას ემატება ისიც, რომ გამოჩნდნენ ცალკეული პირები, რომლებიც თავს მართლმადიდებელ სასულიერო პირებად მოიხსენიებენ და საჯაროდ გამოდიან მოწოდებით: სამების ტაძრიდან შესაბამისი ხატის „გამოთრევით და მისი საჯაროდ დაწვით“.
რელიგიური ნიშნით ასეთი ძალადობრივი მოწოდებები, რა თქმა უნდა, არაქრისტიანულია და შეურაცხყოფს ჩვენს ეკლესიას, ისევე, როგორც არის მძიმე პროვოკაციის შემცველი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ქცევა და მოწოდებები შეურაცხმყოფელი და სამართლიანად აღმაშფოთებელია ნებისმიერი რელიგიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ!
ამიტომ, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების სათანადოდ დაცვა, რათა არ დავუშვათ არცერთი რელიგიის შეურაცხყოფა!
მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი, დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისთვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას.
ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა, შევისწავლით საერთაშორისო და განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.).
ამიტომ, ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს).
შედეგად, ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება", - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, 9 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს.
ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქართველოს საპატრიარქომ კი, სამებაში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის გარეშე დაშვება 2 დღით შეზღუდა.
თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.
აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.
მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press