Foto

ალბათ, დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის - დავითულიანი დანიის ელჩზე

სამწუხაროდ, საქართველოში აკრედიტირებულ ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს ამ ქვეყანაში,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი დანიელი დიპლომატის განცხადებას, სადაც ელჩმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. 

დავითულიანის თქმით, ელჩის განცხადება არა გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული ქმედებაა პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. 

"ეს გადაცდომა არ არის. ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, "ფეიკ ნიუსის" გავრცელება პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის. მე მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს საქართველოში ამის არც უფლება აქვს და არც არავინ ეკითხება. ალბათ, დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს და მოსთხოვს განმარტებებს და მან უნდა ახსნას, რატომ აძლევს თავის თავს უფლებას ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.