მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს შეეხება.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია, აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
"წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:
საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.
ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია, აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.
აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.
მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.
9 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქართველოს საპატრიარქომ კი, სამებაში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის გარეშე დაშვება 2 დღით შეზღუდა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press