Foto

საკადრო გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისთვის - პაპუაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაზე

ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიკასთან "არაფერ შუაშია".

"დამატებით კომენტარსა და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია...

რა თქმა უნდა, ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს. ამიტომ, ეს მცდელობები, რომ რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, თავის მხრივ, აჩვენებს იმ ადამიანების კეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 11 იანვარს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ესაუბრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს.