Foto

ღარიბაშვილი - სახელმწიფო დროშა ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა - ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი

უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს - იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა - ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა.

"უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა.

დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ - დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა - ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი.

ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე.

განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს იცავენ მშვიდობასა და ერთიანობას; მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. 

მშვიდობას, ერთიანობასა და კვლავაც წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.