Foto

ზურაბიშვილი - მინდა ახალგაზრდებს გითხრათ - ეს დროშა თქვენი დასაცავია, უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია

მე მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია. თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის არ მისცეთ უფლება, რომ ამ დროშის ქვეშ, ის ფასეულობები, რაც არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო დროშა მუდმივი საქართველოს სიმბოლოა.

"სიამაყე, სიხარული, იმედი - ეს არის ის განცდები, რომელიც მე მეუფლება და ალბათ, თქვენც, როცა ვუყურებთ ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას. ეს დროშა წარმოადგენს ყველასთვის ძალიან ბევრს.

პირველ რიგში, ეს სიმბოლო არის ჩვენი სახელმწიფოსი, მისი სუვერენობის, დამოუკიდებლობის, იმის, რისთვისაც ძალიან ბევრი ძალიან დიდხანს, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ყოფილიყო ჩვენთვის პატივსაცემი და ჩვენთვის წამოადგენდეს ხვალინდელი დღის იმედს.

დროშა არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის, ის, რაც საქართველო იყო და რაც საქართველო იქნება. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება და მე მინდა, რომ ეს ვუთხრა ახალგაზრდებს. ეს არ არის მხოლოდ რაღაც მატერიალური სიმბოლო. დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს - მისი ღირებულებები, იდენტობა, მრწამსი, მისი ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ. ამიტომ, ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა და ამავე დროს, უნდა ვგრძნობდეთ იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს.

ჩვენ ყველანი ვართ ძალიან ამაყნი, როდესაც ვუყურებთ ჩვენს სპორტსმენებს უცხოეთში, როცა გამარჯვებულები უყურებენ, როგორ აღიმართება ქართული დროშა და მართლაც უნდა ვიყოთ და მათ დიდი მადლობა, რომ წარმოადგენენ ამ ფორმით საქართველოს; ჩვენ ყველა ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა; ჩვენ ვიცით, რომ ამ დროშის ქვეშ, ჩვენი ჯარისკაცები იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ, სადაც საჭირო იქნება - მუდამ, ყოველთვის და ამ ქვეყნის სუვერენობის გარანტები იქნებიან ისინი და ამისთვის, ჩვენი პატივისცემა და ჩვენი მადლიერება.

ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ეს დროშა არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, დანიშნულებას. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, ყველაფრის მიუხედავად, მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, რასაც ჰქვია ხალხის ერთობა.

მე მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია. თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის არ მისცეთ უფლება, რომ ამ დროშის ქვეშ, ის ფასეულობები, რაც არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი.

თქვენ ყველას გესმით, რაზეც ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ეს ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გამოცხადდა.