Foto

აუცილებელია, წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის გვქონდეს ურთიერთობები ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც ჩინეთია - ჩიქოვანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ  საქართველოს როლის გაძლიერებას სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, ჩინეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო დაეხმარება.

მისი თქმით, "წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის აუცილებელია, დადებითი ურთიერთობების დამყარება ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან, როგორიც ჩინეთია".

ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე, რომელიც ბიზნესმენებს სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება.

„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე და ჩვენი როლის გაძლიერებაზე საერთო სავაჭრო ურთიერთობებში, ჩინეთს უზარმაზარი მნიშვნელობის როლი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული. ამ თვალსაზრისით, ეს თანამშრომლობა არის ძალიან ხაზგასასმელი, ვინაიდან აუცილებელია, რომ წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ჩვენ გვქონდეს პოზიტიური ურთიერთობები ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც ჩინეთია.

აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, რომელიც ხელს აძლევს ნებისმიერ ბიზნესმენს, აწარმოოს ბიზნესი საქართველოში და შესაბამისად, ჰქონდეს კონტაქტები და სავაჭრო ურთიერთობები, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ასევე ევროკავშირთან",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  20 იანვრამდე გაგრძელდება.