Foto

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ჩინეთი სამაგალითო ქვეყანაა - ეს თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს ქმნის

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა. ეს ქმნის თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი მათ შორის ანაკლიის პორტსაც შეეხებოდა.

"ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა მოდერნიზაციის, ეკონომიკური პროგრესის კუთხით. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანაც. ეს ქმნის რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს. 

ვიზიტის მსვლელობისას საუბარი გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რითაც პირდაპირ არის ჩინეთი დაინტერესებული. არსებობს ძალიან კონკრეტული თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ",- აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რა კონკრეტული შეთავაზებით ჩავიდა ქართული დელეგაცია ჩინეთში და როგორ ბრუნდება უკან, კობახიძემ განაცხადა, რომ "იყო კონკრეტული შეთავაზებები, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით".

"ძალიან აქტიურად გამოითქვა თანამშრომლობის შესახებ მზაობა ჩვენი ჩინელი მეგობრების მხრიდან, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ კონკრეტული პროექტები განხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით, უზრუნველყოფილი იქნება მეტი ჩინური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, მათი თანამონაწილეობა კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ჩვენი ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან მყარ საფუძველს",- თქვა კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.