Foto

ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს თანამშრომლებს, უნდა დაისაჯონ - კახა კალაძე

ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს თანამშრომლებს, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს შემთხვევებში მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები.

„იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი იყოს მუდმივად მოწესრიგებული, მგზავრობა იყოს უსაფრთხო, მანქანები იყოს სწორად დაპარკინგებული, არ ხდებოდეს უკანონო მშენებლობები, არ მიმდინარეობდეს ქაოსური გარე ვაჭრობა, სამშენებლო თუ სხვა სახიფათო მასალებით ქალაქის დაბინძურება და ა.შ., ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად შრომობენ და ახორციელებენ სამსახურებრივ მოვალეობას.

კანონის აღსრულების პარალელურად გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ეს ყველაფერი მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია. მე ამაზე თვალის დახუჭვას და გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან ყველანი ცხოვრობთ ამ ქალაქში და ყველას გვინდა, უკეთესი ქალაქი გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, გვყავს შვილები, გვეზრდება მომავალი თაობა, წესრიგის დაცვა და ერთმანეთის პატივისცემა კი არის მნიშვნელოვანი. ამაზე საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ მიერ არასწორად დაპარკინგებული ავტომობილი იწვევს უდიდეს პრობლემას სხვა ადამიანებისთვის, ქვეითებისთვის, თუნდაც მათთვის, ვინც კერძო ავტომობილებით გადაადგილდება. ამიტომ მინდა, დავავალო ვიცე-მერს - იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თანამშრომლებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

„ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ღირსეულად და პროფესიონალურად ემსახურება ამ ქალაქს, სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო. არასწორი და კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური ძალადობა და ასეთი ადამიანები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდება ჩვენს თანამშრომლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ. შესაბამისი უწყებების ჩართულობით იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - დასძინა კალაძემ.