Foto

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ იგორ გირკინს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილ ოფიცერს, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილ თავდაცვის მინისტრ იგორ გირკინს (სტრელკოვი) მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. 

როგორც მედია წერს, სასამართლო პროცესი დახურული იყო იმის მიუხედავად, რომ გირკინი და მისი უფლებადამცველი მედიის დასწრებას მოითხოვდნენ.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) მოსკოვში გასული წლის 21 ივლისს დააკავეს და ბრალი ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის დასდეს.