Foto

რუსეთის საგარეო - მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს დასავლეთის მცდელობებს, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს

მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს,- ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტს" ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის ქონების ჩამორთმევა უკანონოა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს.

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დასავლეთის ქვეყნების მიერ საზღვარგარეთ რუსეთის საკუთრების მიმართ ცალმხრივი იძულებითი ზომების უკანონობაზე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქონების ჩამორთმევა უკანონოა და არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპს.

ამავდროულად, "კოლექტიური დასავლეთის" ქვეყნებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთის უძრავი ქონების ისევე, როგორც სხვა აქტივების ჩამორთმევის ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად გამოიწვევს ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს",- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.