Foto

ჩემი გასამართლება არის შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების თითოეული წევრის - სააკაშვილი

დღევანდელი სასამართლო და საერთოდ ჩემი გასამართლება არის შეურაცხყოფა თითოეული თქვენგანის, ქართული საზოგადოების თითოეული წევრის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, სასამართლო პროცესი "ეროვნული ღირსების შელახვაა, რასაც მსოფლიო კარგად ხედავს".

"მე მასამართლებენ "ფე-ეს-ბეს" ნომრიანი აგენტის, ფარცხალაძის ბრალდებებით; მასამართლებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული სასამართლო კლანი. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს - ეს არის ყველა ქართველის გასამართლება. გვეუბნებიან, რომ - როგორ გაბედეთ და წახვედით რუსეთის ნების წინააღმდეგ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ეროვნული ღირსების შელახვა, რაც ამ დარბაზში ხდება. ეროვნული ღირსების შელახვაა, რაც ხდება ჩემ მიმართ და ამას მსოფლიო კარგად ხედავს",- განაცხადა სააკაშვილმა.