ევროპულობა და ევროპელობის სურვილი საქართველოს დნმ-შია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მზერა ყოველთვის დასავლეთისკენ იყო მიპყრობილი.
"საქართველოს ევროპული შესაძლებლობები - ამ დისკუსიის სახელწოდება ყველაფრის მთქმელია და ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რომლის განხორციელებაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სურს.
ევროპულობა და ევროპელობის სურვილი საქართველოს დნმ-შია. ეს არის ის, რაც იმ ქართველებისათვის მოტივაციის ძალა იყო, რომლებიც საქართველოს მე-20 საუკუნის დამოუკიდებლობას ამზადებდნენ; დამოუკიდებლობის მამები, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ყველა ევროპული ორიენტაციის იყო. ისინი, შესაძლოა, განათლებას რუსულ უნივერსიტეტებში იღებდნენ, მაგრამ ევროპისკენ და ევროპული მმართველობის მოდელებისკენ იყურებოდნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართველი ერის ერთ-ერთი მამა, ილია ჭავჭავაძე ირლანდიურ მოდელზე ფიქრობდა, სხვები შვეიცარიულ მოდელზე. ასე რომ, მზერა ყოველთვის დასავლეთისკენ იყო მიპყრობილი. ეს არის სწორედ ის, რამაც მე-19 საუკუნეში რუსულ იმპერიალისტურ ყალიბში ყოფნის შემდეგ, პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკა დააარსა. როდესაც საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ქვეყანაში არა მხოლოდ სახელმწიფოს მართვის მოდელი ევროპული არსებობდა და არამედ შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც ბევრი მიმართულებით ევროპაში იმ დროს არსებულ კონსტიტუციებზე წინ იდგა. ბევრი რამ, რის გაკეთებასაც დღეს ვცდილობთ და რისი აღმოჩენაც ხელახლა გვინდა, იმ დროს უკვე არსებობდა. ძალიან განვითარებული იყო მართლმსაჯულების სისტემა. ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ევროკავშირის რეკომენდაციები, ევროკავშირს მაშინ რომ ეარსება. მასში ჩადებული იყო დაუცველობის ძლიერი [სისტემა] და მთელი კონსტიტუცია მიმართული იყო ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვისკენ, რაც იმ დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ცნობილია, რომ ქალებს არჩევნებში არა მხოლოდ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, არამედ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ არჩეულნი; ამგვარად, დამფუძნებელი კრების წევრი 5 ქალი გახდა, რომელთაგანაც ერთი მუსლიმი იყო. ეს ყველაფერი 1921 წელს რუსეთმა გააქრო, როდესაც იმპერიის დაცემის შემდეგ, საქართველოში მე-11 წითელი არმიის მეშვეობით შემოვიდა.
სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე, თბილისის დაცემის ტრაგიკული დღე და საბჭოთა 70-წლიანი რეჟიმის დასაწყისი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა, რამაც გვაიძულა დაგვევიწყებინა ჩვენი წარსული, ტრადიციები, ზოგიერთი ჩვენი პრინციპი და რამაც ვალდებული გაგვხადა 1991 წელს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ყველაფერი გარკვეულწილად ხელახლა შეგვექმნა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეცვლილი იყო.
სრულიად საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური ელიტა დახვრიტეს. ამიტომ, ქვეყანას ხელახლა შექმნა სჭირდებოდა და თანაც ძალიან რთულ პირობებში, რადგან 1991 წლიდანვე რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებით, პირველი ომის გაღვივებითა და მათი მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ეს პირველი ომი "გაყინული კონფლიქტით“ დასრულდა და ასე გასტანა 2008 წლამდე, სანამ რუსეთმა ომით არ მოახდინა ამ გაყინული კონფლიქტების ოკუპირებულ ტერიტორიებად ტრანსფორმაცია, სადაც მან სამხედრო ბაზები გახსნა, რომლებიც იქ დღემდე არსებობს.
ამიტომ, ეს იყო ძალიან რთული და ამავდროულად, საოცრად სწრაფი გზა.
2003 წელს, საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩასვლამდე, მე ვეწვიე პარიზში ბევრ ინსტიტუციას და რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტს, მაშინ პასუხი ძალიან ნათელი იყო - საქართველო ვერასოდეს იქნება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, რადგან ის ევროპისა და ევროკავშირისაგან ცოტა არ იყოს შორს მდებარეობს.
ეს იყო 2003 წელს, დღეს კი 2024 წელია. ბოლო 20 წელში საქართველომ ყველა ეტაპი გაიარა - სამეზობლო პოლიტიკაში არყოფნიდან მასში გაწევრიანებამდე, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება და მყარად მიიწევდა იმისკენ [კანდიდატის სტატუსისკენ], რაც გასული წლის მიწურულს მოგვენიჭა; ანუ "სადღაც სხვაგან ყოფნიდან“ 20 წლის შემდეგ, მოგვენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მანამდე კი, მოგვენიჭა ის [ევროპული პერსპექტივა], რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის ცოტა არ იყოს იმედგაცრუება აღმოჩნდა, მაგრამ ჩემთვის, ადამიანისათვის, რომელმაც მანამდე იცოდა ევროპელ პარტნიორებს შორის მიმდინარე ყველა დისკუსია, ევროპული პერსპექტივა [ევროპელების პოლიტიკაში] რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენდა, რადგან ევროპელები პირველად ამბობდნენ, რომ გეოგრაფიას მნიშვნელობა აღარ აქვს, მნიშვნელოვანია სისტემა, ინსტიტუციები და [ევროპამ] ღიად აღიარა საქართველოს ბედი, დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში.
ასე რომ, ევროპული შესაძლებლობები იმის მსგავსია, რისკენაც საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში მიისწრაფოდა და ეს გზა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ განვიცდით დიდ ცვლილებებს, რომელთა სიმბოლოც კანდიდატის სტატუსია და ეს ხდება მაქსიმალური გამოწვევების პერიოდში. ეს გამოწვევები ჩვენით არ იწყება.
დღეს, რომ ერთი მესიჯის გაჟღერების შესაძლებლობა მქონოდა აქ, ვიტყოდი: იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპული გზა და როგორც სრულფასოვანი წევრი, ნამდვილად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ამ ჰორიზონტისკენ გავლილი გზა რომ რეალობად იქცეს და ქვეყანა ევროპის ნამდვილ წევრად გარდაიქმნას, არსებობს ერთი კოლოსალური გამოწვევა და ეს გამოწვევა არის რუსეთი და დღეს რუსეთი უკრაინაში",- განაცხადა ზურაბიშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press