Foto

პრეზიდენტი - რთული იქნება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, როგორიც მოლდოვა და უკრაინაა, განვაგრძოთ მშვიდობის გზაზე სიარული, თუ რუსეთი არ შეიცვლება

ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, როგორიც მოლდოვა და უკრაინაა, განვაგრძოთ ამ გზაზე სიარული, რომელიც ჩვენთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გზაა, პირველ რიგში კი, მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაა. ასე რომ, თუ რუსეთი არ შეიცვლება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ერთადერთი გზა, რითაც რუსეთი შეიცვლება, არის, თუ ვერ მოიგებს უკრაინაში". 

"დიახ, ჩვენ ვიცით, გამოგვიცდია და ბევრის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი, იყო რუსეთის სხვადასხვა რეჟიმის მიერ, სხვადასხვა ფორმით დაპყრობილი, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია. არ არსებობს საქართველოს და საქართველოს ამ ევროპული გზის მხარდაჭერა, უკრაინის მხარდაჭერის გარეშე. უკრაინის მხარდაჭერა ევროპელების, ყველა დასავლელი პარტნიორის და მათ შორის, ამერიკელთა უმრავლესობის საერთო მიზანია. ეს ყველასთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა.

თუ რუსეთმა არ გაიზიარა, რას ნიშნავს იყო ერთ-ერთი მრავალთა შორის, იყო ერი საზოგადოებაში, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, თუ მან განაგრძო ფიქრი იმაზე, რომ შეუძლია გაფართოვდეს როცა სისუსტეს გრძნობს, ანდა სულაც იმიტომ, რომ ეს [გაფართოება] მისი ბუნების ძირეული მახასიათებელია, მაშინ არ იქნება არც სტაბილურობა და არც მშვიდობა. ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, როგორიც მოლდოვა და უკრაინაა, განვაგრძოთ ამ გზაზე სიარული, რომელიც ჩვენთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გზაა, პირველ რიგში კი, მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაა. ასე რომ, თუ რუსეთი არ შეიცვლება... და ერთადერთი გზა, რითაც რუსეთი შეიცვლება, არის თუ ვერ მოიგებს უკრაინაში. ეს ისევ და ისევ ერთიანი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ.

საქართველო, ალბათ, იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც ნაკლების გაკეთება შეუძლიათ სიტუაციიდან გამომდინარე - ოკუპირებული ტერიტორიების გამო, რუსეთთან სიახლოვის გამო, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობა გამყოფ ხაზთან, რომელიც ჩვენს და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორისაა "გავლებული“ და რომელიც თითქმის ყოველდღიურად იცვლება და სადაც ადამიანები ტყვედ აჰყავთ და სადაც ამ ხაზის ორივე მხარეს, ადამიანის ცხოვრება უარესდება: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად უკიდურესად რთულია ამ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და ოკუპირებულ მხარეს იმიტომ, რომ მოსახლეობას ნებისმიერი ელემენტარული უფლების განხორციელებაზე წვდომა არ აქვს.

თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდება (რაც COVID-პანდემიისას ძალიან თვალსაჩინო იყო), ისინი გამყოფ ხაზს რთულად კვეთენ, რადგან ყოველთვის არ აძლევენ [საოკუპაციო ხაზზე] გადმოსვლის უფლებას, ან არ იციან, როდის შეძლებენ გადმოსვლას. განათლების მისაღებადაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაცული არ არის ენა, როგორც კულტურული იდენტობის მატარებელი ნიშანი, არანაირი გზით არ არის დაცული არც აფხაზური და  არც ოსური ენა. ფაქტობრივად, ისინი ამ ენებზე აღარ საუბრობენ, არის მხოლოდ რუსული [ენა] და საქართველოსათვის კარგად ნაცნობი, რუსიფიკაცია. არ არის დაცული კულტურა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მომხდარა ის, რისი მოლოდინიც არსებობდა სეპარატისტული ძალების მხრიდან - იდენტობისა და განსხვავებულობის გაძლიერება.

მაგალითისთვის ავიღოთ აფხაზეთი. მათ მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრინციპი, რომ ეს მათი მიწაა და რომ ეს [მიწა] არ გაიყიდებოდა, ან გასხვისდებოდა უცხოელებზე, რუსებმა დაძლიეს, ძლიერი ზეწოლა მოახდინეს და შეძლეს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტისაგან ნებართვის აღება ეყიდათ მიწები, აეროპორტი და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ოჩამჩირის პორტი. ეს თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, რადგან რუსეთს იქ უკვე არსებული სამხედრო ბაზების გარდა, ახალი სამხედრო ბაზის დამატება სურს.

ასე რომ, საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინაშია და უკრაინის გამარჯვებაშია. უკრაინა, მრავალი თვალსაზრისით, უკვე გამარჯვებულია, რადგან რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მიუხედავად, რუსული პროპაგანდის მცდელობებისა, გავლენა მოახდინოს ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე, პრეზიდენტ პუტინის ომის მიზნები საერთოდ არ შესრულებულა.

პირველი მიზანი რამდენიმე დღეში უკრაინაზე უპირატესობის მოპოვება იყო, რათა ენახათ როგორ გარბის უკრაინის პრეზიდენტი, მის მთავრობასთან ერთად, უკრაინიდან. მიზანი იყო კიევის აღება და როგორც ისინი ამბობენ, დენაციფიკაცია, (რაც არავინ იცის რას ნიშნავს, რადგან შეიძლება ვიკითხოთ, სად არიან დღეს ნაცისტები?!), ეს ყველაფერი არ მოხდა.

შემდეგ ისინი [რუსები] ფიქრობდნენ, რომ მათი სამხედრო ძალა შეძლებდა უკრაინის სამხედრო რესურსების სწრაფად დაძლევას, კვირების, ან თვეების განმავლობაში. ისინი ტანკებითა და ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანით იმუქრებოდნენ. ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური ომია, რომელიც KGB-ს ძველი აგენტის მიერ იმართება. არ არსებობენ ძველი აგენტები, ისინი აგენტებად რჩებიან. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი იძულებული იყო, დღეგამოშვებით ეცვალა თავისი სამხედრო მეთაურები, რადგან არაფერი შესრულებულა ისე, როგორც მათ წარმოედგინათ.

მართალია, მათ ჯერ არ იციან, რას ნიშნავს წმინდა სამხედრო დამარცხება და დიახ, უკრაინას ჯერ არ დაუბრუნებია მისი ტერიტორიები სრულად, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მაგრამ უკრაინას არაფერი დაუკარგავს. უკრაინას არ დაუკარგავს საკუთარი საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ორწლიანი ომი უკიდურესად რთულია და ძალიან დამაზიანებელია საზოგადოების ერთობისთვის. უკრაინამ კი ამ ყველაფერს გაუძლო!

მიუხედავად რუსული პროპაგანდისა, რომელიც ძალიან აქტიურია გარკვეული რეაქციების გამოწვევის მცდელობებში, უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერას იღებს; აქაც, ორი წლის შემდეგაც, ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ჩვენი [კოლექტიური] საზოგადოებრივი აზრი, მიუხედავად მცდელობებისა, ზეგავლენა მოახდინონ უკრაინის გარშემო თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებზე, ისევ იგივეა, უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისთვის ამ მხარდაჭერას და რჩება იმ განწყობაზე, რომ სოლიდარობამ უნდა გაიმარჯვოს. 

მიუხედავად ევროპელის (და არა ევროპელების) მცდელობებისა, ევროპელი პარტნიორების ერთობა არ დაიშალა, ჯგუფის წევრებმა შეძლეს სწორი მიმართულების შენარჩუნება. ორი წლის შემდეგ(აც) კი, ევროპამ შეძლო უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტისთვის 50 მილიარდის გამოყოფის საკითხზე ერთიანობის შენარჩუნება. ვერავინ შეძლებდა წინასწარმეტყველებას, რომ ორი წლის შემდეგაც კი, ევროპა ისევ შეძლებდა კონსენსუსის ამ დონეზე შენარჩუნებას და შეძლებდა ასეთი მასშტაბის მხარდაჭერის შენარჩუნებას",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.