დადგა დრო, ევროკავშირი ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს ოფიციალურად გაემიჯნოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, "უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი".
"მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მის უცხოელ მფარველებსა და ქართველ ხალხს შორის არსებული მნიშვნელოვანი გაუგებრობები კვლავაც ზიანს აყენებს ჩვენს საგარეო ურთიერთობებს. ახლახანს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ცვლილების სავარაუდო ავტორმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი მტერი და პატიმარი“.
რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ მსგავსი სამწუხარო კომენტარი გააკეთა სააკაშვილის შესახებ, როდესაც ასევე სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და მას "საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო" უწოდა.
ეს სიახლე არ არის. ამგვარი მოწოდებები ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა. ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ყოფილი და მოქმედი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს, ჩვეულებრივ მიუთითებენ ამ უკანასკნელის როლზე დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში, ინსტიტუციების მშენებლობასა და 2008 წელს რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში. სინამდვილეში, ეს ზუსტად ის საკითხებია, რომელთა დარღვევისთვისაც სააკაშვილი ქართველების უმეტესობისთვის ბოროტმოქმედად რჩება. სააკაშვილის შესახებ ხელოვნურად შეკოწიწებული საერთაშორისო იმიჯისგან განსხვავებით, ქართველებმა პირადად იციან, რა მოუტანა მისმა რეჟიმმა ქვეყანას და ცალკეულ მოქალაქეს. ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, გაჩუმებული მედია, დატერორებული ბიზნესი, ელიტური კორუფცია, ქედმაღლური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ და მშიშრული ქცევა რუსეთთან ომის დროს - ასე ახსოვს ქართველს სააკაშვილის თითქმის მთელი ათწლეულის მძიმე მმართველობა.
მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილს პუტინთან პირადი უთანხმოება ჰქონდა, შესაძლოა, ევროპარლამენტისთვის მიმზიდველ იდეას წარმოადგენდეს, რომელსაც ამ წარმოდგენას უქმნიან კონსერვატიულად განწყობილი აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსები. თუმცა, ფაქტები სხვას ამტკიცებ. პუტინი-სააკაშვილის დაპირისპირება არასწორი აღქმის ნაწილია, რადგან პუტინმა თავისი მიზნების უმეტეს ნაწილს საქართველოში სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მიაღწია, როდესაც მოხდა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ ეს ახსოვს ჩვენს ხალხს და არა სააკაშვილის რიტორიკა.
ქართველები ითვალისწინებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა ფუნდამენტურ ასპექტს. ადამიანები წყვეტენ თავიანთ მომავალს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის ფართო სპექტრის საფუძველზე. სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინსტიტუტების მშენებლობა, კანონის უზენაესობა და სოციალური უსაფრთხოება საქართველოს ეროვნული დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. სააკაშვილმა კი ყველა ამ საკითხში კრახი განიცადა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი "მტერ-მოყვარისათვის" საქართველოს მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება მხოლოდ იმ მითით, რომ სააკაშვილი თურმე „პუტინის პირადი მტერი იყო“.
ქართველების გაოგნების კიდევ უფრო დიდი მიზეზია სააკაშვილის უცხოელი მეგობრებისა და მფარველების თვალთმაქცური საქციელი, როდესაც საქმე საქართველოში დემოკრატიას ეხება. 2003-დან 2012 წლამდე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიუხედავად, ეს უცხოელები სააკაშვილის ერთგულები დარჩნენ და პრაქტიკულად არასოდეს ამოუღიათ ხმა მისი დანაშაულების წინააღმდეგ. და პირიქით, მიუხედავად ქართული ოცნების შთამბეჭდავი დემოკრატიული შედეგებისა 2012 წლიდან (რა თქმა უნდა, გამოხატული რეალური ფაქტებით, რიცხვებითა და ციფრებით და არა საზღვარგარეთ დამახინჯებული, მიზანმიმართულად მოგონილი „აღქმებით“), იგივე უცხოელები საქართველოს მთავრობას უკვე ათ წელზე მეტია ლანძღავენ. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა იცის სად არის სიმართლე.
2012 წლიდან სააკაშვილის პარტიამ რვავე არჩევნები წააგო, იქნება ეს საპარლამენტო, საპრეზიდენტო და მუნიციპალური. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უკვე იმისთვის იბრძვის, რომ წლევანდელ არჩევნებზე როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს, რადგან ქართულ პოლიტიკაში ენმ სწრაფად ყალიბდება მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფად. ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რას ფიქრობს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადზე. თუმცა, სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები კვლავ ერთგულნი რჩებიან თავისივე შექმნილი მითისა, რაც მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან.
ამიტომ, გარკვეული უცხოური ჯგუფების ან ცალკეული პირების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არის ლაკმუსის ტესტი, რათა განვასხვაოთ ღირებულებების ერთგული პოლიტიკოსები მათგან, ვინც მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე ზრუნავენ. უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ საერთო ღირებულებების, ან, სულ მცირე, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით.
დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ",- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press