Foto

საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომ ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს - კალაძე

საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომ ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, ვინ უნდა დააკავონ და ა.შ,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით  ევროპარლამენტარ ლარს პატრიკ ბერგის განცხადებას.

კალაძემ სააკაშვილთან დაკავშირებულ განცხადებებს პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა.

"საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომ ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, ვინ უნდა დააკავონ და ა.შ. საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია. იგი არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის პირიც... საქართველოს აქვს კონსტიტუცია, კანონები და სახელმწიფო მოქმედებს მათ შესაბამისად...

ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. თქვენ გახსოვთ, მთელი კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში სამჯერ კვდებოდა. საქართველო არ არის ქვეყანა, რომ ვინმემ თავში წამოგვარტყას და მითითებები მოგვცეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, მაგრამ ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან და როდესაც გიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი დემოკრატიის შუქურა იყო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.