Foto

ორი თვეა გთხოვთ, რომ გაზრდილ ფასებზე იმსჯელოთ, მაგრამ არ განაღვლებთ - ცხოვრება თქვენი მომხრეებისთვისაც გაძვირდა - ხაბეიშვილი „ოცნებას“

ორი თვეა გთხოვთ, რომ პროდუქტებზე გაზრდილ ფასზე იმსჯელოთ, იმუშაოთ, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ - თქვენი მომხრეებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს.

როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თურქეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეზე სამჯერ უფრო მდიდარია, მაგრამ პროდუქტს ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს.

„საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელი ოჯახის ერთი წევრი დღის განმავლობაში არ ხვდებოდეს მარკეტში, მაღაზიაში, ბაზარში და ყოველდღიურად არ ეხებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ეხება ფასების ზრდას, ვგულისხმობ პროდუქტებზე კატასტროფულ ფასებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე, ფაქტობრივად, ვერ ერევა. მე მოგიტანეთ ჩეკი აზერბაიჯანიდან, იქნებ თქვენც ნახოთ, სადაც მაგალითად, 500 გრამი პური ღირს 80 თეთრი, საქართველოში ერთი და 60 თეთრი. რძე მაგალითად ჩვენს სამეზობლოში ღირს 3 ლარი და 20 თეთრი, საქართველოში 5 ლარი და 50 თეთრი. შაქარი ერთი კილოგრამი აზერბაიჯანში რომ შეიძინოთ, ღირს 2 ლარი და 30 თეთრი, საქართველოში მოქალაქეს 4 ლარის და 60 თეთრის გადახდა უწევს ერთ კილოგრამ შაქარში.

ასევე, ორი ქვითარი მაქვს წამოღებული 2012 წლის და 2024 წლის. ამ ქვითარზე დატანილია პური, კარტოფილი, ზეთი, კვერცხი, ძროხის ხორცი, ყველი, რძე შაქარი, ხახვი. მესმის, რომ თქვენ არ გაღელვებთ ეს პრობლემები, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს აღელვებთ. 32 ლარი 80 თეთრი დაუჯდებოდა მოქალაქეს 2012 წელს იმ ყველაფერში, რაც ჩამოვთვალე და 2024 წელს 74 ლარი 45 თეთრი სჭირდება. სხვაობა არის 41 ლარი 65 თეთრი. ფაქტობრივად, ორნახევარჯერ უფრო ძვირს იხდის ადამიანი პროდუქტების შეძენაში და ორი თვეა გთხოვთ, რომ ამ საკითხებზე იმსჯელოთ, ამ საკითხებზე იმუშაოთ, ეს საკითხები არის ნომერ პირველი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აინტერესებს, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ, ამის გარდა საუბრობთ აბსოლუტურად ყველაფერზე, არადა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მოგისმენთ თქვენ, რომელიც მოისმენს ჩვენს დასმულ პრობლემებს, რა მნიშვნელობა აქვს რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, ჰო? თქვენი მომხრეებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება, თქვენს მიერ დასაქმებული ადამიანებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი ნათესავები, მეზობლები ხომ გყავთ, როგორ დავიჯერო ახლა, რომ თქვენს სამეზობლოში, სანათესაოში არავის აწუხებს ფასების ზრდა? გეუბნებით, რომ სხვაობა 2012 წლის კალათსა და 2024 წლის კალათს შორის არის 41 ლარი 65 თეთრი. წარმოუდგენელია, რომ ეს მოქალაქეს არ აწუხებდეს. შემდეგ გაქვთ ხოლმე არგუმენტები, რომ თქვენ დააკლებთ ფასებს? დიახ, აუცილებლად შევცლით და აუცილებლად დავაკლებთ ფასებს და ამის არგუმენტად იმიტომ მომყავს აზერბაიჯანი, რომ ჩვენს სამეზობლოში ეს პროდუქტები ბევრად იაფი ღირს, მეტსაც გეტყვით - სომხეთში, სადაც საქართველოს გავლით ხვდება ევროპული პროდუქტი, იქ ბევრად იაფია პროდუქტები, ვიდრე საქართველოში. ჩვენი ქვეყანა უნდა გაიაროს, ისე უნდა მოხვდეს სომხეთში, მაგრამ საქართველოში უფრო ძვირია.

თქვენ რა, არ იცით, რომ თურქეთში საქართველოს მოქალაქეების დიდი წილი, აჭარა-გურიის განსაკუთრებით, დადის იმისთვის, რომ შეიძინოს იაფად პროდუქტები და მეტსაც გეტყვით, თურქეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეზე, დაახლოებით, სამჯერ უფრო მდიდარია ნებისმიერი სტატისტიკით, მაგრამ ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს პროდუქტს. ეს არის ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ქართველ ხალხს, ამაზე უნდა ესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს, ამაზე უნდა გასცეთ პასუხები",- განაცხადა ხაბეიშვილმა.