Foto

ირაკლი კობახიძე - ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა შემოდგომაზე დაიწყება

ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა ჩვენი ახალგაზრდებისა და კურსდამთავრებულებისთვის შემოდგომაზე დაიწყება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება.

„ეს ხედვები, ცხადია, ახალგაზრდული პოლიტიკის ზოგად ხედვაში სათანადოდ აისახება. მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ეფექტიან და თანმიმდევრულ პოლიტიკას გაატარებს.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ადამიანს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ პროფესიულ ცხოვრებაში სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგან და ეს იქნება ამ ყველაფრის უნიკალური შესაძლებლობა.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საბოლოო სახეს მიიღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე. უახლოეს დღეებში სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, პირველად ხედვას. ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან და ამის შემდეგ, ამის საფუძველზე უნდა დაიხვეწოს საბოლოო სახით ეს გეგმა და უკვე შემოდგომაზე დაიწყება ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა ჩვენი ახალგაზრდებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ეს არის ჩვენი გეგმების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი",- განაცხადა კობახიძემ.