Foto

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა EPP-ს - ევროპის დიდი ნაწილის ბედის გადაწყვეტის მხრივ, ეს წელი უმნიშვნელოვანესი იქნება

ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი ენმ-ის წევრმა, გიორგი ბარამიძემ წაიკითხა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, "ეს წელი უმნიშვნელოვანესი იქნება ევროპის დიდი ნაწილის ბედის გადაწყვეტის მხრივ მრავალი თვალსაზრისით".

"ძვირფასო პრეზიდენტო ვებერ,
პატივცემულო კონგრესის სტუმრებო,

კიდევ ერთხელ მოგმართავთ ქართული ციხიდან, რათა მადლობა გადავუხადო EPP-ს, ნამდვილ პოლიტიკურ ოჯახს, იმ ღირებულებების ურყევად დაცვისთვის, რომლებიც ევროპას ასე განსაკუთრებულს ხდის და ჩვენ ყველას ევროპელებად განგვსაზღვრავს. სწორედ ამ ფასეულობების გამო ცდილობს ჩემი ქვეყანა, საქართველო, დაუბრუნდეს თავის ევროპულ ფესვებს.

ეს წელი უმნიშვნელოვანესი იქნება ევროპის დიდი ნაწილის ბედის გადაწყვეტის მხრივ მრავალი თვალსაზრისით – მივუბრუნდებით ავტორიტარიზმს და დავინახავთ კიდევ ერთ რკინის ფარდას ევროპაში თუ ევროპის იდეა იქნება გამთლიანება, თავისუფლება და მშვიდობა. ეს უკანასკნელი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინა თანამედროვე ჩერჩილის, პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ამ ომში გაიმარჯვებს. ყოყმანისა და თვითკმაყოფილების დრო არ არის. ახლა ლიდერობის, ერთიანობის, გამბედაობისა და მონდომების დროა.

ძვირფასო EPP-ის ოჯახო, პუტინი თავის პირად მტრად მიმიჩნევს, უპირველეს ყოვლისა იმ დიდი როლის გამო, რომელიც ევროპის მიმართულებით საქართველოსა და დიდწილად უკრაინის წაყვანაში მიმიძღვის. პუტინს ჩემი სიკვდილი უნდა, ისევე როგორც ალექსეი ნავალნისა, რომელსაც მან რამდენჯერმე შემადარა. ასეთ ვითარებაში თქვენი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მილიონობით თანამგრძნობისთვის საქართველოსა და უკრაინაში.

საქართველოს მართავს მაფიოზური სტილის ოლიგარქი ივანიშვილი, როგორც თავის პირად სამეფოს. მაგრამ ის დამარცხდება, როგორც ოლიგარქი პლახოტნიუკი დამარცხდა მოლდოვაში გმირი პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ.

მივესალმები პრეზიდენტ ვებერის ხელმძღვანელობას, რომელიც ძლიერად და ღირსეულად უძღვება ჩვენს პოლიტიკურ ოჯახს ასეთ რთულ დროს.

ბოლოს, ჩემი მიმართვა, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააჟღერა, თავისუფლების რწმენით დასრულდა. ჩემი რწმენა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ძვირფასო დელეგატებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გულით გიხდით მადლობას იმისთვის, რომ მეგობრებს არ ტოვებთ. გისურვებთ წარმატებულ კონგრესს და ივნისის არჩევნებში გამარჯვებას.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე

ამაყი ქართველი და ამაყი უკრაინელი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.