Foto

ხალხს უნდა ჰქონდეს პასუხები და არა ცინიზმი - ყველა ვხედავთ, თუ როგორ არის ორჯერ გაძვირებული საქართველოში შემოსული საწვავი - ხაბეიშვილი

2012 წელს, 15 ლიტრს შესაძენად რაც სჭირდებოდა მოსახლეობას, ახლა იგივე ფასში შეიძენს 10 ლიტრ საწვავს. მოსახლეობას აინტერესებს საქართველომდე მოსული საწვავი, რომელიც ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, როგორ ხდება ორჯერ უფრო ძვირი ბენზინგასამართ სადგურზე, მათ ეს აინტერესებთ და არა ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულება ამ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს და მას მოგონილს უწოდებს.

„თვალსაჩინოებისთვის უნდა დავიწყო პირდაპირ საქმით, ეს არის 2012 წელს რამდენ ლიტრ საწვავს შეიძენდი გარკვეულ თანხად - ერთ ხელში მიჭირავს 15-ლიტრიანი ავზი და მეორე ხელში 10-ლიტრიანი ავზი. ფაქტობრივად, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა 15 ლიტრიდან 5 ლიტრი მოგვპარა. თანხით, რომლითაც თავის დროზე შეიძენდით 15 ლიტრ საწვავს, ახლა შეიძენთ 10 ლიტრ საწვავს. პირობითად თუ გადავალთ 20 ლიტრზე, იქ უკვე 10 ლიტრს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი პარავს მოსახლეობას.

დისკუსია, რომელიც გაიხსნა ამ დღეების განმავლობაში და ეს ეხება საწვავის გაძვირებულ ფასს, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ როგორ ადარებთ 2012 წელსო, კიდევ ერთხელ დავსვამ იმ კითხვას, რომელსაც ვსვამ ამ დღეების განმავლობაში - ერთ ლარად და 65 თეთრად საქართველომდე მოდის ერთი ლიტრი საწვავი და საქართველოში უკვე როგორც კი გარკვეულ პროცედურებს გაივლის, შემდეგ უკვე ივანიშვილის ფასია წარმოდგენილი, ხდება სამი ლარი და 20 თეთრი, როგორ ხდება ეს? ჩვენ ამდენი დღეა ვიმეორებთ, რომ ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს საწვავი საქართველომდე და როგორ შეიძლება, რომ ბათუმის, ფოთის პორტიდან გამოსული საწვავი უცებ გახდეს სამი ლარი და 20 თეთრი. ორჯერ გაძვირდა მოქალაქეებისთვის, ვინც ყოველდღიურად ამ ფასებს ეხება. ასევე, მათი არგუმენტი, რომ სადღაც უფრო ძვირი ღირს და ევროპაში უფრო მაღალი ფასი აქვს - აბა, ევროპაში პენსიები, შემოსავალი ნახეთ რამდენია. იქ ადამიანები 50 დოლარად თვიდან თვემდე არ მუშაობენ. ას დოლარად ადამიანები არ მუშაობენ თვიდან თვემდე და ას დოლარზე როცა ვლაპარაკობ, 29 ათასი ადამიანი მუშაობს 200 დან 300 ლარ ხელფასზე, წარმოიდგინეთ, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს მოსახლეობა და ამ დროს, როცა მთავარ შეკითხვას ვსვამთ, თუ რატომ ძვირდება საწვავის ფასი, რატომ ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები - ხელისუფლებას ამაზე პასუხი არა თუ არ აქვს, არამედ მეტიც, გვეუბნება რომ ეს არის მოგონილი პრობლემა, რომ ეს პრობლემა ჩვენ მოვიგონეთ და ხალხს არ აწუხებს, თუმცა საზოგადოებამ, ხალხმა, ყველამ კარგად იცით, რომ ბენზინზე როცა ვსაუბრობ, ამ 10 და 15 ლიტრ საწვავს ჩვენი მოსახლეობის 200-300 ათასი ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს, ზოგი საკუთარ ავტომობილში ასხამს, ზოგი დისტრიბუციის მანქანაში, ზოგი სამეწარმეო საქმიანობისთვის, ზოგი ბიზნესისთვის და მათთვის გაძვირდა ეს საწვავი და ამაზე სჭირდებათ პასუხი.

როცა ძვირდება საწვავი, ყველას ესმის, რომ შემდეგ ძვირდება ყველა მომსახურება - მარკეტში შედიხართ პროდუქტები გაძვირებულია, საწვავს რომ ასხამთ გაძვირებულია, თუ საწვავს არ ასხამთ და პირობითად ტრანსპორტით მგზავრობთ, ის ტრანსპორტიც გაძვირდა, რადგან საწვავია გაძვირებული, სახლში ბრუნდებით, კომუნალური გხვდებათ და ესეც გაძვირებულია, ამიტომ ის არის ის პრობლემები, რომელიც გვაინტერესებს ჩვენ, რომელიც გაინტერესებთ თქვენ, რომელიც აინტერესებთ ხალხს და ამ პრობლემის გადაჭრი გზებზე და გამოსავალზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ და მათ უნდა ჰქონდეთ პასუხები და არა ცინიზმი, დაცინვა საქართველოს მოქალაქეებზე და არა იმის თქმა, რომ თურმე ხალხს არ უჭირს, მაგრამ ეს არის რეალობა და ყველანი ვხედავთ, თუ როგორ არის ორჯერ გაძვირებული საქართველოში შემოსული საწვავი",- ამბობს ხაბეიშვილი.