Foto

კობახიძე - ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენლებს უნდათ, რომ ცესკო ჩიხში დარჩეს

სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით პრეზიდენტის "ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს".

„რაც შეეხება ცესკოს საკითხს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე - დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში იმიტომ, რომ წელიწად-ნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს ორი წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში. 

სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი, აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ვეტოს დაძლევას, ბუნებრივია, არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმისთვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას,  აუცილებელია, ამ ვეტოს დაძლევა. ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას",- განაცხადა პრემიერმა.