Foto

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 წინააღმდეგი იყო.

ამასთან, კენჭი ეყარა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თავდაპირველ რედაქციას, რომელსაც პარლამენტმა 78 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მსჯელობა გაიმართა, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დადგა. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა კი ცვლილებებს 5 მარტს დაადო ვეტო.