Foto

ოპოზიციამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრებაზე რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერა - მდინარაძე

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან" და რადიკალური ოპოზიციიდან  საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, შემუშავდა საგანგებო რეზოლუციის პროექტი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მხრიდან.

მისივე ინფორმაციით, პროექტში ხაზგასმულია სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობა და გაწევრების პროცესის დროულად წარმართვის, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა, ასევე, დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.

 „აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე განსახილველად წარდგენისთვის, პროცედურის თანახმად, ესაჭიროებოდა საპარლამენტო დელეგაციებიდან 10 დეპუტატის ხელმოწერა. ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვის დელეგაციის სამმა დეპუტატმა, რომლებიც  ბრიუსელში იმყოფებოდნენ. უკრაინის დელეგაციის მხრიდან გამოხატული თავდაპირველი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინელმა დეპუტატებმა უარი თქვეს რეზოლუციის თანასპონსორობაზე და პროექტის წარსადგენად ხელმოწერაზე. ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნების" ხუთი დეპუტატის გარდა იყო „ნაციონალური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის ოთხი წარმომადგენელი. მათ არაერთხელ ეთხოვათ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს. შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს დელეგაციაში წარმოდგენილი „ქართული ოცნების" 5 დეპუტატის და მოლდოვის დელეგაციის 3 დეპუტატის გამოხატული მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას განეხილა და მიეღო რეზოლუცია, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად.

მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის გვეჩვენებინა ევროკავშირში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია, მიუხედავად ჩვენი ასეთი დაპირისპირების, რაც როგორ ჩანს, ქართული რადიკალური ოპოზიციის მიზნებში არ ჯდება და ეს როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს",- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.