Foto

შალვა პაპუაშვილი - თუ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არაუშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილების მიზანი სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკოა.

"ამოქმედდება ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა საკითხებთან ერთად",- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია. საკანონმდებლო ორგანომ "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო.