Foto

მამუკა მდინარაძე - გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც ოჯახურ ღირებულებათა გარანტიები მკაფიოდ გაიწერება

გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ახლო მომავალში, პარლამენტში დაინიცირდება კონკრეტული ცვლილებები, რომელიც რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად, დღემდე, ამ დრომდე არც ერთი მსგავსი ინიციატივა არავის მხრიდან გახმოვანებულა, პირიქით ვნახეთ წინასაწარი მზადებებიც კი ჯერ კიდევ დაუწერელი ინიციატივის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.

ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ძალიან ახლო მომავალში, ჩვენ ასევე დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე, დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებები, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება მიმდინარე წელს გარანტირებულად იქნება მიღებული. რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს:

სულ ინიცირდება ორი კონსტიტუციური კანონი: პირველი, ეს შეეხება საქართველოს კონსტიტუციის ოცდამეათე მუხლს, სადაც ჩვენ ქორწინების დეფინიცია განვსაზღვრეთ 2017 წელს, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით: ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია და ამ კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილზე, ანუ, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონი თავის მხრივ, რომელსაც ჰქვია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონი. 

მე მივყვები მუხლებს :

მუხლი 1

1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული",- განაცხადა მდინარაძემ.