Foto

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა - 200 000-მდე ხელმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ  და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს.

„მართლაც საოცარი დღე გამოვიდა, ვხედავდით მთელი ამ დღეების განმავლობაში როგორი უპრეცედენტო აქტივობა და ერთობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. 200 ათასამდე ხელმოწერა არის შეგროვებული და მართლაც გასაოცარია, რადგან კარგად ვიცით თუ როგორ ჭირს საქართველოში ხელმოწერების შეგროვება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა მთელი საქართველო, გააერთიანა ექიმები, მასწავლებლები, ხელოვანები, სპორტსმენები, ყველა საერთოდ და მე ვარ ძალიან ბედნიერი.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომ ასე წვიმაში, ქარში, ყინვაში იდგნენ რიგებში, რომ ხელი მოეწერათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა და აქტივობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.