Foto

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას

კრემლი უარყოფს საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები".

„ეს სულაც არ არის ახალი საკითხი. მრავალი წლის განმავლობაში პრესაში გაზვიადებული იყო ეგრეთ წოდებული „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე უკავშირებოდა რუსული მხარის მიმართ ბრალდებებს, მაგრამ არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, The Inisder-მა, 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგების მიხედვითაც, მათ მოიპოვეს სამხილები, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომელიც ცნობილია როგორც "ჰავანის სინდრომი" და რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ მიმართული ენერგეტიკული იარაღის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული.