Foto

მიხეილ სააკაშვილი - „რუსული კანონის“ შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს

„რუსული კანონის" შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებას „არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ".

„რაც შეეხება პროვოკაციას „უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, „ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ „რუსული კანონის" შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც „ოცნებასთან" ერთად, სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს",- წერს სააკაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.