Foto

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც ძირითადად კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავდა, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რეაბილიტაციის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. საზოგადოებას ვუთხარით, რომ დარჩენილი სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული გამზირი მთლიანად მოწესრიგდა.  გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ახალი ბოძები და განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები. ამჟამად მიმდინარეობს .საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებს გამზირს. მიხარია, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ კიდევ ერთი მოწესრიგებული, რეაბილიტირებული გამზირი შეემატა ჩვენს დედაქალქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

წერეთლის გამზირზე ჩატარებული რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მოიცავდა მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განთავსებას, ტროტუარების, უსაფრთხოების კუნძულების, გარე განათების ქსელისა და ასფალტის საფარის მოწყობას,  ლედ ლამპიონების მონტაჟს, მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლების მოწყობას, მიწისქვეშა ურნების განთავსებას.  რამდენიმე დღეში დასრულდება გამწვანების სამუშაოებიც.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი  დავით  ფაჩულია, დიდუბის რაიონის გამგებელი  ვლადიმერ ძნელაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.